უკრაინელი სამართალდამცველების მიერ მოძიებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბერლინში პანკისის ხეობის მკვიდრის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის დაკავებული რუსეთის ვადიმ სოკოლოვი და „ეფესბეს“ თანამშრომელი ვადიმ კრასიკოვი ერთი და იგივე პირია. ამაზე The Insider-ის, Bellingcat-ისა და Der Spiegel-ის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგები მიუთითებს.
ხარკოვში, ვადიმ კრასიკოვის სიდედრის სახლში, საოჯახო ალბომში ნაპოვნი ფოტოები უკვე გერმანის პოლიციას გადაეცა. ფერად ფოტოებზე კრასიკოვი სხვადასხვა რაკურსითაა გადაღებული რაც მასსა და ბერლინში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს შორის მსგავსებას კიდევ უფრო ნათელს ხდის.ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს ვადიმ კრასიკოვის სვირინგი, ბერლინში დაკავებულ რუსეთის მოქალაქეს კი აბსოლუტურად იდენტური სვირინგი აქვს.
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო 24 მარტს დაიწყება.
პანკისის ხეობის მკვიდრი ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც დღემდე უცნობია. Bellingcat-ი ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ის ვადიმ კრასიკოვია, რომელსაც რუსეთში ორი შეკვეთილი მკვლელობისთვის ეძებდნენ. 2020 წლის აგვისტოს ბოლოს ჟურნალისტური გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ კრასიკოვს თანამზრახველი ჰყავდა და ის რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) სპეცდანაყოფ „ვიმპელის“ ყოფილი ოფიცერი რომან დემიანჩენკოა.