ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში მოლაპარაკებების შეთანხმების გარეშე დასრულების გამო და მთავრობას დამატებითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.
"შეშფოთებულები ვართ, რადგან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დენიელსონის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებში პროგრესი არ არის. პოლიტიკური კონსესუსი და ინკლუზიური დიალოგი მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირისკენ მისწრაფებისა და დემოკრატიის დაცვისკენ. მოვუწოდებთ მთავრობას, გადადგან დამატებითი ნაბიჯები კონსენსუსის მისაღწევად", — აცხადებენ სამინისტროში.
18 მარტს ოპოზიციისა და მმართველი გუნდის შეხვედრა ევროპული საბჭოს წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან 10 საათი გაგრძელდა, თუმცა ისევ უშედეგოდ დასრულდა — შეთანხმება არ შედგა. დანიელსონის განცხადებით, შეხვედრაზე იყო მნიშვნელოვანი პროგრესი პრეზიდენტ მიშელის დატოვებულ 6-პუნქტიან გეგმის ირგვლივ ზოგიერთ პუნქტში.
"ეს მისასალმებელია და ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოხდეს ამ საკითხების მოგვარება. რაც შეეხება სხვა საკითხებს, ნაკლები პროგრესი იყო", — თქვა მან.
დანიელსონმა აღნიშნა, რომ ხვალ, 19 მარტს საქართველოს დატოვებს და ბრიუსელში დაბრუნდება. მისი თქმით, შარლ მიშელს მოლაპარაკების დეტალებს მოახსენებს.
პოლიტიკოსები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში დღის 3 საათისთვის შეიკრიბნენ და იმის შემდეგ მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა.
მოლაპარაკებების პარალელურად, ლეობორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, რომელმაც 17 მარტს შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა, გაავრცელა რამდენიმე დეტალი, რომელიც მისი თქმით, მაგიდასთან განიხილებოდა. ნათელაშვილი ამტკიცებს, რომ მათ მიაწოდეს დოკუმენტები, რომლის პრეამბულაშივე ეწერა, რომ პარლამენტში უნდა შესულიყვნენ და არჩევნები 2024-ში ჩატარდებოდა. მისივე ოპოზიციას, სთავაზობდნენ 5 კომიტეტის თავმჯდომარეობას და 2 საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელობას.
დანიელსონი საქართველოს 14 მარტს ტოვებდა, თუმცა ამ დღეს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა, რის გამოც შარლ მიშელის წარმომადგენელმა თბილისიდან გამგზავრება ერთი დღით გადადო, თუმცა უფრო მეტი ხნით დარჩა. მოლაპარაკებების პარალელურად, პრემიერმინისტრი ბელგიაში შეხვედრებს მართავდა საერთაშორისო პარტნიორებთან, სადაც, ასევე, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი განიხილებოდა.