ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებას, არის ამორალური და იდიოტი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვა ეხებოდა იმას, რომ არაერთმა უცხოელმა პოლიტიკოსმა, მათ შორის აშშ-ის ყოფილმა ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რომ სააკაშვილი „ჩრდილოვან მმართველობას უნდა ჩამოშორდეს“, რაზეც ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ყველა, ვინც ასეთ რამეს ამბობს, არის ან ამორალური, ან იდიოტი“.
„პირველი - სააკაშვილი არ რეკავს მოსამართლეებთან და არ წერს განაჩენებს, სააკაშვილი არ ურეკავს პროკურორებს, არ აგზავნის პოლიციას თავისი შვილის საქმეებზე. მე, ჩემს მეგობრებთან ერთად ავაშენე ქართული სახელმწიფო, ისინი კი ანგრევენ მას. მეორე - მე არ მიშვებენ ჩემს ქვეყანაში. შემომიშვან საქართველოში, შექმნან თანაბარი პირობები და ვნახოთ, სად იქნება ივანიშვილი სულ რამდენიმე დღეში. ესაა ჭკუის დარიგება ვიღაც გადამდგარი პირებისგან, ჩვენი ქვეყანა არის ჩვენი ქვეყანა, მსოფლიოში მიხეილ სააკაშვილის სახელი ყველამ იცის. საერთოდ არ მაინტერესებს ვინმეს აზრი, ქართველი ხალხის გარდა“, - განაცხადა სააკაშვილმა.