„მედიაციის ეტაპზე გადასვლა გვაძლევს მეტი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ შეთანხმება სამართლიან პირობებზე მოხდება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა ის, რასაც წარსულ თვეებში ვადევნდებდით თვალს, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ყველანაირად ცდილობდა, ხელი შეეშალა სახელმწიფოსთვის, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ემუშავა.
არჩილ თალაკვაძე იმედოვნებს, რომ ახლა, როდესაც ევროკავშირის მხრიდან ასეთი მაღალი წარმომადგენლობაა ჩართული, უახლოეს პერიოდში მოხერხდება პოლიტიკური კონფლიქტის დასრულება, შეთანხმება და უფრო სამუშაო რეჟიმში გადასვლა.
„ამის საფუძველს გვაძლევს ის, რომ ევროკავშირის მხრიდან ჩართულია ძალიან მაღალი დონის პოლიტიკური წარმომადგენლობა - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი იყო ჩამოსული, ჩვენი მხრიდან პრემიერ-მინისტრი და მთელი პოლიტიკური ლიდერშიფი მასთან ერთად, რაც მთავარია, მათი ჩართულობა გადავიდა მედიაციის ეტაპზე, რაც ჩვენ გვაძლევს მეტი ოპტიმიზმის საფუძველს, რომ შეთანხმება სამართლიან პირობებზე მოხდება. რატომ ვერ შევთანხმდით მათი მონაწილეობის გარეშე, ვფიქრობ, ეს ყველასთვის ნათელია უკვე. ჩვენ გვქონდა განცდა, რომ ოპოზიციის მოთხოვნები, რომლებიც ჰქონდათ წინ თვეებში, ხშირ შემთხვევაში რეალობას და სამართლიანობას იყო მოწყვეტილი.
ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რაც ჩვენ გვაწყობს, თავიდანვე ვამბობდით, რომ უნდა შევთანხმდეთ სამართლიან პირობებზე და ხშირ შემთხვევაში გვესმოდა მოთხოვნები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ჩვენთვის და უბრალო მოქალაქეებისთვისაც კი გაუგებარი იყო. მაგალითად, არჩევნებში დამარცხებული პოლიტიკური პარტია როგორ შეიძლება პირობებს კარნახობდეს გამარჯვებულ ძალას, ეს ხომ არც ერთ დემოკრატიაში არ მოხდებოდა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.