საპარლამენტო მანდატები თუ ოპოზიციის პოზიცია, რას ირჩევს „გირჩი“ და რისთვის იბრძვის – ამ თემებზე პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ ნინი ხუგაშვილთან ერთად ისაუბრა.
იაგო ხვიჩიას განცხადებით, საპარლამენტო მანდატები და ოპოზიციის პოზიცია მისთვის ორივე შეურაცხმყოფელია. მისივე თქმით, ის სრულიად სხვა, ალტერნატიული პოზიციით წარსდგება, როგორც “ქართული ოცნების”, ისე ქართველი ხალხის წინაშე.
კითხვაზე, რისთვის იბრძვის „გირჩი“ გულწრფელად, პარტიის ლიდერი ასე პასუხობს:
„ჩვენ ვიბრძვით „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ონებას“ შორის ჩატეხილი ხიდის აღსადგენად. ეს თემა იმიტომაა პრიორიტეტული, რომ ცხრა წელია, ვჩხუბობთ. ომი გვაქვს გაჩაღებული ქოცებსა და ნაცებს შორის, როდესაც ამ ომის არანაირი საშუალება არ არსებობს. ერთი კაცი ამბობს, წავედი პოლიტიკიდან, თქვენი თავი არ მაქვსო, მეორე მხარეს დგას კაცი კიევში. მოგვიწოდებს, საქართველოში დაუმორჩილებლობას და ამბობს, მე კიევში ვარ, მაგრამ თქვენ აჯანყდით და მე მერე ჩამოვალო.
ამ სიგიჟეში ვართ მთელი ერი. ზოგი ნაცია, ზოგი ქოცია და ამ ორი ადამიანიდან ერთი პენსიაზეა გასული და მეორე რაღაცაში, თავისთვის არის. თან ერთს არ უნდა აშკარად ჩხუბი, წავიდა. იმის გამო, რომ იქიდან ვიღაც გვაქეზებს, მოწყობილი გვაქვს მტრობა და შუღლი, რომელშიც ვხარჯავთ მთელ ჩვენს ეროვნულ ენერგიას.
მე სამყაროში ასეთი უშინაარსო ომი არ მახსოვს. როგორ შეიძლება 2020 წელს ნორმალური ადამიანი ბიძინასა და მიშას გამო ჩხუბობდეს.
ჩვენ ეს უნდა დავამთავროთ. ეს ორივეს ინტერესშია, მათ რვა წელი ფაქტობრივად იპარაზიტეს. იმის გამო, რომ მიშა არ დაბრუნებულიყო, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ბევრი უმსგავსო ქმედება გაიპრავა. ჩვენ ვიბრძვის ამ ორი მხარის შესარიგებლად“. – ამბობს იაგო ხვიჩია.
წყარო: fortuna.ge