პარლამენტში სავარაუდოდ ოპოზიციის დიდი ნაწილის გარეშე დაიწყებს მუშაობას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შეისწავლის.
"ქართული ოცნების" შეფასებით, კომისია კიდევ ერთხელ დაადასტურებს არჩევნების შედეგების სიზუსტეს; ხოლო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია ბიულეტენების ხელახალი გადათვლის შეთავაზებას ცინიკურად მიიჩნევს.
პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით, დადგენილების პროექტი უკვე მზადაა. უმრავლესობა 8 თებერვლის ბიუროს სხდომას ელოდება, სადაც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ოფიციალურად ინიცირდება. 10-გვერდიან პროექტში დეტალურად არის ახსნილი, რატომ დადგა პოლიტიკურ დღის წესრიგში კომისიის შექმნის აუცილებლობა და კონკრეტულად, რა უნდა გამოიძიონ ოპოზიციამ და უმრავლესობამ ერთად, სამი თვის განმავლობაში.