ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ზედიზედ მესამე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მცირდება.
"ეს იმედისმომცემი სიახლეა, რომელიც ცხადყოფს, რომ ვირუსის კონტროლი შესაძლებელია თუნდაც მისი ახალი ვარიანტების არსებობის შემთხვევაში. ეს ნიშნავს, რომ ვირუსის საწინააღმდეგო ზომების მიღებასთან ერთად ინფექციის გავრცელების თავიდან აცილება შესაძლებელია", - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზომების დაცვა, რადგან ინფექციის გავრცელებაზე კონტროლი სიცოცხლის გადარჩენასა და ვირუსის ახალი სახეობების გაჩენის შესაძლებლობის შემცირებას უწყობს ხელს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.