ვთხოვთ, „ქართული ოცნების“ წევრებს, ნუ შეუწყვეტენ საკუთარ კოლეგებს უფლებამოსილებას ხვალ, რადგან ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მოლაპარაკებები, - ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ „ქართული ოცნება“ ოპოზიციის წარმომადგენლებს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, არც ის და არც ვახტანგ მეგრელიშვილი არ იქნებიან საქართველოს პარლამენტის წევრები.
„ვიცი, რომ კანონით მათ ამის უფლება აქვთ, მაგრამ ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს ერთგვარი კეთილი ნების ჟესტი, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს მოლაპარაკების კონსტრუქციულად დასამთავრებლად. თუ ეს ასე არ მოხდება და ამის მიუხედავად ჩვენ კოლეგებს შეუწყვეტენ უფლებამოსილებას, მე და ვახტანგ მეგრელიშვილსაც დაწერილი გვაქვს განცხადება, რომელსაც შეწყვეტისთანავე ჩავაბარებთ პარლამენტს და როგორც კი ეს ფაქტი მოხდება, ჩვენ არ ვიქნებით საქართველოს პარლამენტის წევრები. ჩვენ გვინდა პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. დანარჩენს, ყველაფერს მხოლოდ ამ მიზნით ვაკეთებთ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საქართველოს პარლამენტი 51 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე მიმდინარე კვირაში იმსჯელებს. 51 ოპოზიციონერი დეპუტატის საკითხი 2 თებერვლის პლენარულ სხდომაზე განიხილება და კენჭი ეყრება.