„არ მგონია და არც მჯერა, რომ ალეკო ელისაშვილი სატყუარის გადაყლაპვას აპირებდეს“,- ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ალეკო ელისაშვილი პროცესებს შედარებით ოპტიმისტურად უყურებს.
„ელისაშვილი ფიქრობს, შეიძლება ისეთი გზა მოიძებნოს, რომელიც დამაჯერებელი იქნება ოპოზიციისთვის და მოსახლეობისთვისაც, და ამაზე შეიძლება წამოვიდეს ხელისუფლება. მე ჩემი პოზიცია მაქვს - დღევანდელ რეალობაში ვერ ვხედავ ასეთ გზას. ტექნიკურ გამოსავალს ვერ ვხედავ- მარტო რაღაც აიღო უბნების ოქმები, გადათვალო და შეადარო სწორად არის თუ არა დაჯამებული, ამით ვერ დავადგენთ რეალურ სურათს, რა იყო საქართველოს მოსახლეობის ნება. ის (ალეკო ელისაშვილი) უფრო ოპტიმისტურად უყურებს ამ ყველაფერს, მე ნაკლებად“,- აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ.
მისი თქმით, ამ ბრძოლაში წარმატების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ოპოზიციის ერთიანობით.
„ნაკლებად მჯერა, რომ ცალკე აღებული ერთი რომელიმე პარტია შეძლებს ეს ბრძოლა მოიგოს, თუნდაც მოლაპარაკების მაგიდაზე რამე მნიშვნელოვანი დაათმობინოს, მიუხედავად იმისა, რა დამოკიდებულება შეიძლება გვქონდეს ოპოზიციურ პარტიებს ერთმანეთთან. მაინცდამაინც არ ვეხატებით ერთმანეთს გულზე, ბევრი სხვადასხვა მიზეზების გამო“,- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.