„მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციას ხელისუფლების მიმართ 4 მოთხოვნა ჰქონდა - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რიგგარეშე არჩევნები, ცესკოს ფორმირების წესის შეცვლა და საარჩევნო წესების შეცვლა.
„31 ოქტომბერს რა თქმა უნდა არჩევნები გააყალბეს, ოპოზიცია გამოვედით და ვთქვით, რომ ბოიკოტია. ჩვენ ვიყავით პირველი პარტია, ვინც ვთქვით, რომ გადავითვალოთ შედეგები. დანარჩენმა ოპოზიციამ ფეხი აითრია. ამის შემდეგ ოპოზიციამ თქვა, არ შევდივართ პარლამენტში და წარმოიქმნა პოლიტიკური კრიზისი. შემდეგ ელჩებმა გვითხრეს, რომ დავსხდეთ, დავილაპარაკოთ და გამოსავალი მოვძებნოთ. პირველ კვირას „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა, რომ შემოდით, ვითომ არაფერი მომხდარა, ჩვენ ვუთხარით არ შემოვალთ.შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გვითხრა ასეთი რამ, გვითხარით რა გინდათ - ჩამოწერეთ რას ითხოვთ, დავსხდეთ , დავილაპარაკოთ.
შევიკრიბეთ ოპოზიცია და ჩამოვწერეთ 4 მოთხოვნა. ეს მოთხოვნები ბოკერიას ხალხს გამოჰქონდა და საიდუმლო არ არის, ამიტომ გეტყვით - პოლიტპატიმრები, რიგგარეშე არჩევნები, ცესკოს ფორმირების წესის შეცვლა, საარჩევნო წესების შეცვლა. მაგალითად, როგორი უნდა იყოს ხმის მიცემა, ელექტრონული და ა.შ. ანუ, მაქსიმალურად გამოვრიცხოთ გაყალბება“, - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ცესკოს ფორმირებისა და საარჩევნო წესებზე ოპოზიციის მოთხოვნებს 99%-ით დაეთანხმა. აგრეთვე თქვეს, რიგგარეშე არჩევნებიც ჩატარდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია შედეგების გაყალბებას დაამტკიცებს.
„რიგგარეშე და პოლიტპატიმრებზე რა უნდა გველაპარაკა? არჩევნებს ატარებ ან არა, პოლიტპატიმრებას ან უშვებ, ან არა.
მაგრამ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ საარჩევნო კომისიასთან და საარჩევნო წესებთან დაკავშირებით „ქართულმა ოცნებამ“ დასტური გვითხრა ჩვენი მოთხოვნების 99%-ზე.
იქ ვიჯექით და ყველაფერზე დეტალურად ვმსჯელობდით, მართლა წრეში ბურთს ან ჯოკერს კი არ ვთამაშობდით“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა ვიდეო მიმართვაში.