NCDC-ის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის წინააღმდეგ სამი მთავარი ვაქცინა გამოიკვეთა.
„სავარაუდოდ, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ერთზე მეტი ვაქცინა იქნება გამოყენებული. კლინიკური კვლევების მესამე ფაზაშია სამი მთავარი ვაქცინა, ესენია: Pfizer-ის, Moderna-სა და Astrazeneca-ს ვაქცინები. სხვადასხვა ქვეყნებს უკვე შეკვეთილი აქვთ 8,5 მლრდ დოზა. ყველა ეს ვაქცინა არის ორჯერადი გამოყენების. სამი ან ოთხი კვირის გამოტოვებით ხდება ინექცია, რათა გამომუშავდეს მყარი ჰუმორული ან უჯრედული იმუნიტეტი ანუ დაცვა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე.მისი თქმით, თუ რომელ ვაქცინას მიიღებს საქართველო, ამას ვაქცინების გლობალური ალიანსი გადაწყვეტს.
„ჩვენ რომელ ვაქცინას მივიღებთ, ეს მგვიანებით გადაწყდება. ჩვენ ვთანამშრომლობთ ვაქცინების გლობალურ ალიანსთან, რომლის საშუალებითაც ჩვენ რამდენიმე ვაქცინა უკვე დავნერგეთ. მათ შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში ოთხი. ეს პლატფორმა რომელ ვაქცინას შეისყიდის საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის, ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.