რაც შეეხება ოპოზიციასთან კომუნიკაციას, რაზეც აქციაზე გაკეთდა განცხადება, პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ნიკანორ მელიამ თქვა ტყუილი, რაც მას ზოგადად ახასიათებს და რაც არ არის კაცისთვის შესაქები საქციელი. მან თქვა, რომ ჩვენ დავუკავშირდით ოპოზიციის წარმომადგენლებს, რაც არის წმინდა წყლის სიცრუე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებს თინათინ ბოკუჩავა დაუკავშირდა.
„ჩვენ დაგვიკავშირდა - მე და არჩილ თალაკვაძეს, ქალბატონი თინა ბოკუჩავა. ჩვენ მას ვუპასუხეთ. ის არის პარლამენტის წევრი და კომუნიკაციის შინაარსი იყო შემდეგი: მან გვთხოვა დღეს შეხვედრა არჩევნების თემასთან დაკავშირებით. განგვიმარტა ასევე სავარაუდო ფორმატი ამ შეხვედრის, რაზეც ჩვენ მას განვუმარტეთ შემდეგი, რომ ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სურდათ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. როგორც მოგეხსენებათ, ყოველთვის ანგარიშს ვუწევთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, მათ წინადადებებს და ჩვენ ვთქვით, რომ დაველოდებოდით მათ პოზიციას“, - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ლიდერებმა თავისი მოთხოვნები გააჟღერეს და მათი შესრულებისთვის მმართველ გუნდს დრო 20:00 საათამდე მისცეს. დროის ამოწურვის შემდეგ აქციის მონაწილეებმა ცესკოს შენობისკენ დაიწყეს მსვლელობა.