„ნაციონალური მოძრაობამ“ ბათუმში წინასაარჩევნო შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დარღვევით ჩაატარა. ბულვარში შეკრებილები სოციალურ დისტანციას არ იცავდნენ, უმრავლესობა პირბადის გარეშე იყო. როგორც გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რეგულაციების დაცვა ადამიანების სიმრავალის გამო ვერ მოხერხდა.
„პასუხისმგებლობა ეკისრება მთლიანად კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან, რომ დაელაპარაკოთ“, - ასე უპასუხა გრიგოლ ვაშაძემ შეკითხვაზე იღებს თუ არა ოპოზიცია პასუხისმგებლობას მოსალოდნელ საფრთხეზე.
„საშიშროება ნამდვილად არის, მაგრამ სამწუხაროდ ვართ კორონავირუსში და წინასაარჩევნო კამპანიაში. ახლა წინასაარჩევნო კამპანია რომ შევწყვიტოთ, ოთხი წელი კიდევ უნდა ვუყუროთ იმ ხალხს ვინც საქართველოს მოსახლეობის მილიონ ორასიათასამდე გაყარა ემიგრაციაში, უნდა ვუყუროთ ადამიანებს, რომლებმაც ბათუმიც გააჩერეს, მთელი საქართველოც გააჩერეს, მეორე არის, ნუ რას იზამ. ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და არ ველოდით, არ ვიცოდით ამდენი ხალხი თუ მოვიდოდა, რამე სხვა შეკითხვა გაქვთ სერიოზული? პასუხისმგებლობა ეკისრება აბსოლუტურად მთლიანად კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან, რომ დაელაპარაკოთ მას. ჩვენ ვუყურეთ ბატონ გახარიას შეხვედრას და გადავწყვიტეთ, რახან საქათველოს პრემიერ-მინისტრი ასეთ შეხვედრებს ატარებს, ე.ი. ყველას შეუძლია ჩაატაროს“, - განაცხადა ვაშაძემ.
ნაციონალურმა მოძრაობამ ამომრჩეველს საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლესი საბჭოში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა და პროგრამა გააცნო. წარდგენას, კორონავირუსით მამის გარდაცვალების გამო, ლევან ვარშალომიძე არ ესწრებოდა. შეკრებილებს მიხელ სააკაშვილმა ვიდეო ზარით მიმართა.