კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების ზრდის მიუხედავად, ჯანდაცვის სისტემა სიტუაციას მართავს და სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებაში გაჟღერებული ცნობები იმის შესახებ, რომ უწყება ვერ უმკლავდება პაციენტების მართვას, ვითარების ხელოვნურად დაძაბვას ემსახურება. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა ეკატერინე ადამიამ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში მოქმედებს 44 დაწესებულება როგორც ცხელების, ისე კოვიდ 19-ის მართვის ფუნქციით. მათ შორისაა ახლადგახსნილი შეკვეთილის ცხელების ცენტრი.
ადამიას განცხადებით, კლინიკაში 21 საწოლი და ოთხი სასუნთქი აპარატია მობილიზებული. საჭიროებიდან გამომდინარე იგეგმება მათი დამატებაც. ეკა ადამიას ინფორმაციით, ამ ცენტრის ინფრასტრუქტურა სრულადაა აღჭურვილი, როგორც ცხელების მქონე, ასევე კოვიდდადასტურებული პაციენტების სამართავად.
„ზოგადად გარკვეული ვნებათაღელვა შეინიშნება მედიასაშუალებებში ეპიდსიტუაციის გაუარესებასთან ერთად. არის მცდელობა, დაძაბონ ქვეყანაში არსებული ფონი, და ეს არის ძალიან ცუდი, ვინაიდან სიტუაცია არ არის ისეთი მძიმე, როგორც შეიძლება ზოგიერთმა მედიასაშუალებამ დასახოს და ასეთ დროს პირიქით გამოვიწვიოთ პანიკა მოსახლეობაში, რისი საფუძველიც რეალურად არ არსებობს. ჯანდაცვის სისტემა სავსებით მზად არის ამ პროცესის სამართავად. ქვეყანაში 44 კლინიკაა მომზადებული როგორც ცხელების, ასევე კოვიდის დადასტურების შემთხვევების სამართავად. მომზადებულია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები და ისინი ონლაინ, ბინაზე მართავენ პაციენტებს. ამდენად ეს პროცესი ამ ეტაპისთვის სრულიად მართულია და პანიკის და დეზინფორმაციის გავრცელების არანაირი საფუძველი ნამდვილად არ არსებობს. პირიქით, ეს ემსახურება უფრო მეტი დაძაბულობის შექმნას, პაციენტების დაშინებას და შიშის დათესვას მოსახლეობაში, რაც კარგ შედეგს არავის არ მოუტანს. სახელმწიფოს აქვს სრული რესურსი იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ამ პროცესს და მართოს კოვიდი მთელ ქვეყანაში“, - განაცხადა ეკა ადამიამ.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 613 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 124 პაციენტი.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.