მრავალჯერადი გამოყენების პირბადე ყოველდღე უნდა გაირეცხოს და დაუთოვდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ქართული წარმოების მრავალჯერადი გამოყენების პირბადე პირადად ჩემთვის ძალიან კომფორტულია, როდესაც არ მიწევს მაღალი რისკის სამუშაოს შესრულება. რაც შეეხება მისი გამოყენების წესებს, ის ყოველდღე უნდა გაირეცხოს და დაუთოვდეს. გარდა ამისა, გაკეთებისას და მოხსნისას, იქნება ეს ერთჯერადი თუ მრავალჯერადი გამოყენების პირბადე, გარე ზედაპირზე მას არ უნდა შევეხოთ“, - განაცხადა იმნაძემ.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 10 752 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 5 866 ადამიანი, 72 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.