ლევან დავითაშვილის თქმით, წელს საქართველოში არც ერთი კოლოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, რთველი წარმატებით დასრულდება.
"ამ რთულ პერიოდში ჩაუბარებელი არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება. პირიქით, ინტენსიურად მიდიოდა კრეფა. დღეში ათი ათას ტონაზე მეტი ყურძნის ჩაბარება და გადამუშავება ხდება, ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვები ამ პირობებში. ასე, რომ რა თქმა უნდა, არცერთი კილოგრამი ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩება. საბოლოოდ, რთველს წარმატებით დავამთავრებთ და ვნახავთ, რომ ესეც ისეთივე ორგანიზებული და მაღალ დონეზე ჩატარებული რთველი იქნება, როგორც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში",-განაცხადა დავითაშვილმა.
მან ჟურნალისტებს მოუწოდა თავად გაეცნონ ფერმერების მდგომარეობას.
"მე გთხოვდით ჟურნალისტებს, რომ არ ენდოთ არც ჩემს, არც ოპონენტების სიტყვას, მოსახლეობას შეხვდით და გულწრფელად ჰკითხეთ, რა ჯდება მოსავლის მიღება. ჩვენი და ჩემი სურვილია, რაც მეტად გაიყიდება ნებისმიერი პროდუქტი, ეს არ ეხება მხოლოდ ყურძენს, ეს ჩემი ინტერესია, რომ მეტი შემოსავალი ჰქონდეს ფერმერს იმიტომ, რომ თუ ფერმერი მეტად კმაყოფილი იქნება, ე.ი. ჩვენ უფრო კარგად ვმუშაობთ. ჩვენი სამუშაო ფაქტობრივად ამით იზომება", - განაცხადა დავითაშვილმა.