დარწმუნებული ვარ, გიორგი ხოჯევანიშვილი იქნება გორელების ღირსეული ხმა საქართველოს პარლამენტში, დარწმუნებული ვარ, ყველანი ერთად გავიმარჯვებთ სამართლიან ბრძოლაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გორში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, გიორგი ხოჯევანიშვილის წარდგენაზე განაცხადა.
"მოგესალმებით, გორელებო! დიდი პატივია დღეს აქ, თქვენთან ერთად ყოფნა. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ იმაზე, მომავალში ერთად რა უნდა გავაკეთოთ, თუმცა ქართლში, საქართველოს ჭეშმარიტად ისტორიულ რეგიონში, ხერხემალში, შეუძლებელია, არ გავიხსენოთ ჩვენი უახლოესი წარსულის, ისტორიის ყველაზე მძიმე და სევდიანი დღეები. წარმოუდგენელია, რომ 21-ე საუკუნეში ქართველებს მოგვიწია იარაღით ხელში ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და მიწის დაცვა, 21-ე საუკუნეში, მაგრამ, ჩვენ ეს მოგვიწია და ამან თქვენს მხრებზე გადაიარა. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს თითოეული ადამიანი, რომელმაც ამ ბრძოლაში სიცოცხლე გასწირა და ჩვენი ვალდებულებაა, გავზარდოთ ჩვენი შვილები ისე, რომ მსგავსი ტრაგედია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში აღარ განმეორდეს. მაგრამ ამავდროულად, ჩვენი ვალდებულებაა, რომ პირველ რიგში ვიზრუნოთ ადამიანებზე, რომლებიც საკუთარ სამშობლოში დევნილები გახდნენ. ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება, მაგრამ ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენ, ქართლელები, გორელები ცხოვრობთ ამ ადამიანების გვერდით, თქვენს მიერ გაწვდილი ხელი არის უფრო ახლო და თქვენი და სახელმწიფოს ერთობლივი ზრუნვა ჩვენს დევნილებზე უნდა იყოს ყოველდღიური, ყოველწამიერი", – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის გამთლიანება ქართლიდან დაიწყება.
"ჩვენ რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ ამ ხალხისთვის სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად, მაღალმთიანი სტატუსის მინიჭებით, რასაც მოაქვს თავისი დამატებითი სოციალური ბენეფიტები, ასევე გაზმომარაგებით, სასმელი და სარწყავი წყლით დახმარებით, საბოლოო ჯამში, როდესაც ამ ადამიანებს ელაპარაკები, ხვდები, რომ ეს ყველაფერი საჭიროა, მაგრამ არაფერია იმ ტკივილთან და იმ მიზანთან შედარებით, რასაც ქვეყნის გამთლიანება ჰქვია. ქვეყნის გამთლიანება, რომელიც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანად და შრომით, დარწმუნებული ვარ, რომ დაიწყება აქედან – ქართლიდან. ამ გამთლიანების ერთადერთი გზა არის ყოველდღიური, კეთილსინდისიერი შრომა, ამ გამთლიანების ერთადერთი გზა არის, მაგალითად, ისიც, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ქვეყანაში არც ერთი დღით არანაირი ინფრასტრუქტურული სისტემური პროექტი არ შეჩერებულა და არც უნდა შეჩერდეს. ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ სულ უფრო და უფრო წარმატებულ, ევროპულ სახელმწიფოში ვიცხოვროთ", – აღნიშნა გიორგი გახარიამ.