NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით არ აიცრება.
კითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა/აცრა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები? გამოკითხული მოსახლეობის 46% უარს აცხადებს, 38% ამბობს, რომ აიცრება, 15%-ს პასუხი არ აქვს.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა
რატომ არიან ვაქცინის წინააღმდეგნი? გამოკითხული მოსახლეობა ამბობს: „ყველაფერი დამოკიდებულია ვაქცინის ხარისხზე, მის წარმომავლობაზე“; „თუ პანდემია შენელდება, მაშინ ვაქცინის საჭიროება აღარ იქნება“; „აცრა სავალდებულო თუ არ იქნება, ხალხი თავს შეიკავებს“; „მოვიცდი და დავაკვირდები. ისეთი ვაქცინით აცრის მეშინია, რომელიც ახალია და დიდი ხანი არ არსებობს“.
აღნიშნული გამოკითხვა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).