აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველაზე რთული კრიზისია, რომელთანაც მას ოდესმე ჰქონია საქმე.
„ვირუსის დასასრული ჯერ არც კი ჩანს“, - განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა სტენფორდის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის ვებინარზე სიტყვით გამოსვლისას.
ენტონი ფაუჩიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პანდემიის საფრთხე სერიოზულია.
„ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ ბრბო, ხალხმა პირბადე უნდა ატაროს და უკეთ დაიცვას ფიზიკური დისტანცირება. შემოდგომაზე ბავშვების სკოლებში დასაბრუნებლად საჭიროა პანდემიის გაკონტროლება“, - განაცხადა ფაუჩიმ.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსს 135 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 3 323 432 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 135 272 ადამიანი კი გარდაიცვალა.