კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის ხელმძღვანელობით, რეგიონული საოპერაციო შტაბის მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსზე PCR-ტესტირება უახლოეს დღეებში საჯარო მოხელეებსაც ჩაუტარდებათ.
შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება განიხილეს, რომლის მიხედვითაც გაწერილია სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პრიორიტეტულ პირთა ნუსხა და დაგეგმილი ღონისძიებები.
სამუშაო შეხვედრას, რომელიც ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, მუნიციპალიტეტების მერები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის რეგიონული სამსახური და ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის განმარტებით, მიზნობრივი ტესტირების რისკ ჯგუფები გაფართოვდა და ყოველთვიურად რეგიონის მასშტაბით დაახლოებით 10 ათასი ადამიანის ტესტირება მოხდება.
საქართველოში კორონავირუსი 919 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 780 უკვე გამოჯანმრთელდა, 14 ადამიანი კი გარდაიცვალა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.