ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა განაცხადა, რომ არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომლის მოქნევითაც კორონავირუსი გაქრება.
„არ არსებობს ჯადოსნური პასუხები. არ არსებობს რაღაც შელოცვა“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმა.
მისივე თქმით, ყველა დონეზე ხელმისაწვდომი რესურსების გამოყენება პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალებაა.
„შეხედეთ იმ ქვეყნებს, რომლებმაც ზომები მიიღეს, შეხედეთ იმ ქვეყნებს, რომლებმაც შეაკავეს და კონტროლის ქვეშ მოათავსეს ეს დაავადება და პასუხებსაც აღმოაჩენთ“, - აღნიშნა მან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.