მთავრობის მხრიდან 6 თვის განმავლობაში 1200-ლარიან დახმარებას უმუშევრად დარჩენილი, დაქირავებით დასაქმებული ყველა პირი მიიღებს და ხელფასის მოცულობას მნიშვნელობა არ აქვს.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა განმარტავს, ყველას, ვინც კი წლის დასაწყისში თუნდაც ერთი თვის განმავლობაში იღებდა ოფიციალურ ხელფასს და ოფიციალურად იყო რეგისტრირებული საშემოსავლო გადასახადის გადამხდელად, მიუხედავად ხელფასის სიმცირისა, ექნება შესაძლებლობა, ამ დახმარებით ისარგებლოს.
„ხელფასის სიდიდეს მნიშვნელობა არ აქვს. ყველას თანაბარი დახმარება მიეცემა და ამაშია ამ დახმარების სამართლიანობა. მიუხედავად იმისა, მაღალი, საშუალო თუ დაბალი ხელფასი ჰქონდა, სახელმწიფომ გამონახა რესურსი, რომ ყველას თანაბრად დაეხმაროს, თუ ამ პერიოდის განმავლობაში შემოსავალი უფიქსირდებოდა ერთი სამსახურიდან მაინც“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, „ერთ პირზე ერთი დახმარების პაკეტია განსაზღვრული.
დაქირავებით დასაქმებული პირები, ვინც სამსახური დაკარგა ან უხელფასო შვებულებაში არიან, 6 თვის განმავლობაში 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ, რაზეც 460 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამას მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს.