თუ შეიძლება რამე მიხაროდეს დღეს, მიხარია ის, რომ საზოგადოებაში სოლიდარობისა და ერთმანეთის გვერდით დგომის სურვილი მაღალია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, კარგია, რომ საზოგადოებამ საფრთხის სერიოზულობა გაითავისა. „ისპანკას შემდეგ ეს ალბათ, მსოფლიოში ყველაზე დიდი პანდემია იქნება. ეს გათავისებული აქვს ხალხს და საზოგადოების დიდი ნაწილი საგანგებო მდგომარეობას იცავს, მაგრამ მაინც არის ადამინათა კატეგორია, ვინც არ იცავს რეკომენდაციებს და დღეს მინდა მათ მივმართო: საუკეთესო მეთოდი იმისთვის, რომ ფართომასშტაბიან ეპიდემიაში არ შევიდეთ, სოციალური დისტანცირებაა. დარჩნენ სახლში, ნუ წავლენ დიდი თავშეყრის ადგილებში, ნუ გადაიხდიან დიდ ქორწილებს, დიდ სუფრებს. იარონ ორ-ორმა, მაქსიმუმ, სამ-სამმა ჰაერზე და არა ჯგუფურად, თავი ავარიდოთ თათბირებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრში თათბირები უკვე ონლაინ მიმდინარეობს. „ძალიან მიხარია, რომ ყველამ გავითავისეთ და ვისწავლეთ კარგად ხელების დაბანა. ჩემთან დგას ახლა სანტაიზერი და ვიმუშავებ ხელებს. აქ რომ არიან თქვენი თანამშრომლები, დაიმუშავეს ხელები, გავლენ დაიმუშავებენ ისევ, გაწმენდენ ჩემ ყურსასმენს. მე ბევრ ადამიანს ვხვდები და ცოტა საშიში ვარ, მაგრამ ნუ გეშინიათ, არ ვარ მაინცდამაინც საშიში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.