კარგი თავსატეხი გვაქვს, ძალიან ჩაფიქრებულები ვართ. წირვა ჩვეულებრივ ჩატარდება და მაქსიმალურად ვეცდებით, დისტანცია დავიცვათ. ათ და თხუთმეტ კაცს ვერ განსაზღვრავ და ვერ ეტყვი შენ მოდი და შენ დარჩი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში წმინდა სინოდის წევრმა, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა განაცხადა.
მისი თქმით, ეკლესიას წირვის ასეთ პირობებში ჩატარების გამოცდილება არ აქვს. „ამისი არანაირი პრაქტიკა და გამოცდილება არ გვაქვს. ალბათ ორიენტაციას ადგილზე თუ ავიღებთ. ადამიანი ტაძარში რომ მოდის მდუმარებაში უნდა იყოს. ლოცვას უსმენდეს. მორწმუნეები ეკლესიაში ერთმანეთთან ზურგით დგანან. ვეცდებით ერთმანეთს არ დაეკონტაქტონ. გავცემთ კონსულტაციებს. გადაკოცნას ამოვიღებთ“, - აღნიშნა მეუფე ანტონმა.
მისი თქმით, ეკლესია მრევლს ვერ ეტყვის რომ წირვა-ლოცვაზე არ მოვიდეს. „გამორიცხულია ეკლესია წირვას ვერ შეწყვეტს. ვერც ხალხს ვერ ეტყვის, რომ არ მოხვიდეთ. ეს მთავრობის პრეროგატივაა. არ მინდა შედარება, რომ მთავრობის დემონიზაცია მოხდეს, მაგრამ ჩვენ ველოდებით ოდესღაც, ანტიქრისტემ აკრძალოს წირვა მკაცრად. მე მთავრობას არ ვადარებ“, - განაცხადა მეუფემ.
თუმცა მეუფე მიიჩნევს, რომ წირვის გადაცემა ონლაინრეჟიმშიც არის სესაძლებელი. „სამებიდან წირვა ყველგან გადაეცემა. ეს არ არის ძნელი. ჩვენ არ გვაქვს საშუალებები ჩვენი წირვა-ლოცვები გადავცეთ. მისი უწმინდესობის წირვის გადაცემა შესაძლებელია. ვისაც უნდა ტელევიზორებთან დადგეს და იქ უსმინოს“, - აღნიშნა მეუფემ.
მისი თქმით, თუ კორონავიურუსის დინამიკა გაიზარდა, სინოდი შესაძლოა კიდევ ერთხელ შეიკრიბოს. „ვნახავთ, შევხედავთ. თუ ძალიან გავრცელდა კიდევ ერთხელ შევიკრიბებით. ჩვენი აზრი არის კრებსითობა. სინოდზე ყველას მიეცა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. მომავლის სახელით ვერ ვიმსჯელებ. ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილე გვაქვს ჩართული. ერთობა არის. „კორონამ “ისე დაგვაახლოვა დადებითი თვისებებიც მოიტანა“, - განაცხადა მეუფემ.