კორონავირუსთან დაკავშირებით, საპროფილაქტიკო ღონისძიებები ტარდება თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით დამუშავდა დედაქალაქის მერიის მოქალაქეთა მისაღები.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება ყველა სერვისცენტრის, მათ შორის, მერიის მოქალაქეთა მისაღების სადეზინფექციო სამუშაოები. მუნიციპალური სივრცეები, სადაც ჩვენი მოქალაქეები იღებენ სხვადასხვა სახის მომსახურებას, იქნება სათანადო წესით დამუშავებული“, - განაცხადა თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა.
სადეზინფექციო სამუშაოები ასევე ყოველდღიურად ტარდება დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
მართალია თუ არა, რომ კორონავირუსმა უხანის სამეცნიერო ლაბორატორიიდან გაჟონა? ამ ბმულზე ნახეთ.