ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოს ინფრასტრუქტურული მდგომარეობა კარგი არ არის, სამაგიეროდ მომსახურების დონე ძალიან მაღალია.
„შენობის მდგომარეობა კარგი არ არის, ეს არ არის 4 ვარკსვლავიანი სასტუმრო, სამაგიეროდ, მომსახურება და კვალიფიკაციაა ძალიან მაღალი. სტაფი არის უგამოცდილესი, ასეთ ინფექციებთან ბრძოლაში გამობრძნედილი. ვფიქრობ, კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის მთავარია გადარჩნენ და ინფექცია არ გაავრცელონ“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, ინფექციური საავადმყოფო ბოლო 7 წელია ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაშია. მესაკუთრეს არაერთხელ მიმართეს, დაერთოთ ნება, საკუთარი სახსრებით რემონტი გაეკეთებინათ, თუმცა უშედეგოდ.
„ბოლო 7 წელია ასე ვართ, არაერთგზის მივმართეთ, როგორც მფლობელს, დაგვრთოს ნება, რომ გავაკეთოთ რემონტი, ჩვენი სახსრებით, ასევე მივმართეთ სამინისტროს ხელმძღვანელობას, ახალი შენობის გადმოცემაზე ან აშენებაზე. მუდმივად გვპირდებიან, რომ ეს იქნება 1 წელიწადში. რამდენჯერმე გამოიყო მიწა, გაკეთდა პროექტი, მაგრამ ტქნიკური მიზეზების გამო, ეს შეფერხდა“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრისგან აქვთ დაპირება, რომ ინფექციურ საავადმყოფოს უმოკლეს ვადებში სახელმწიფო შენობას გადასცემს.
„ახლა გვაქვს უკვე მიღებული კატეგორიული გარანტია პრემიერ-მინისტრისგან. მათ შესანიშნავად ესმით, ჩვენ ვინ ვართ, ჩვენი საჭიროება ქვეყნისთვის. დაგვპირდა, რომ სახელმწიფო უმოკლეს ვადებში დიღომში ინოვაციების შენობას შეიძენს და გადმოგვცემს. 11 სართულიანი, კარგი შენობაა“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.