„ოპოზიცია აპირებს, რომ აქციები, პიკეტირება და მწვავე პროტესტი გააგრძელოს. ჩვენ ხვალ ვაპირებთ მოვაწყოთ „სირცხვილის კორიდორი“ პარლამენტის წინ”, - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიცია დარჩება პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმში, თუმცა ისინი მზად არიან ხელისუფლებასთან შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებდ.
“ჩვენ მზად ვართ მონაწილეობა მოვიღოთ შეხვედრების შემდეგ რაუნდში. თარიღი ჯერ არ ვიცით, თუმცა ველოდებით, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები მალე შემოგვთავაზებენ კონკრეტულ თარიღს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მთავარი ამოცანა ამ შეხვედრებზე არის ისეთ საარჩევნო სისტემებზე შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს ხალხის პროპორციულ და სამართლიან წარმომადგენლობას პარლამენტში. შესაბამისად, ნებისმიერი წინადადება, რომელიც ამ მიზანს მოემსახურება ჩვენთვის არის მისაღები. ჩვენ ორი კონკრეტული წინადადება უკვე გვქონდა, ერთი იყო მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქები და მეორე- ცალკე აღებული „გერმანული მოდელი“. შესაბამისად, ასეთი ტიპის მოდელები შეიძლება იყოს განხილული. ისეთი, მოდელები, რომელიც ხელისუფლებამ წარმოგვიდგინა - 100/50-ზე თუ სხვა, ამ მიზანს არ ემსახურება და ჩვენ მიერ ვერ იქნება განხილული. თუ ხელისუფლება ამ დიალოგზე არ წამოვა და ამ საარჩევნო სისტემას არ შეცვლის, არსებობს ოპოზიციის მხრიდან გეგმა „ბ“. ეს არის შეთანხმება მაჟორიტარულ ოლქებში და საერთო მაჟორიტარების დაყენება, ამ ვითარებაში ხელისუფლება კიდევ უფრო მძიმედ წააგებს 2020 წლის არჩევნებს”,- განაცხადა კაპანაძემ.