საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოკლე პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის კიდევ ერთი შეხვედრა ორმხრივი ურთიერთობების მაღალი დონის დინამიკაზე მიუთითებს.
"საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიულ პარტნიორობას და რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებსაც ორი ქვეყანა ერთობლივად ახორციელებს, ასევე - ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ საკითხებს", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
პრემიერ-მინისტრი გახარია და პრეზიდენტი ალიევი შეთანხმდნენ, რომ ინტენსიური კომუნიკაცია მათ შორის მომავალშიც გაგრძელდება.