საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჯაფარიძის, "გირჩის" წევრებისა და მხარდამჭერების სასამართლო პროცესი გაიმართა. ზურაბ ჯაფარიძეს და პარტიის წევრ იმედა კლდიაშვილს სასამართლომ 2000-2000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.
"გირჩის" ლიდერის თქმით, მოსამართლემ მხოლოდ პოლიციის ჩვენებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება.
ჯაფარიძე აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
"ჯარიმის გადახდას არ ვაპირებთ, გასაჩივრებას ვაპირებთ. რაც შეეხება იმას, თუ რაზე დაყრდნობით გამოიტანა გადაწყვეტილება, ვინც ესწრებოდა პროცესს, ნათლად ჩანდა, რომ ჩვეულებრივი ყალბი ჩვენებები იყო. როგორც ხდება პოლიციელების მხრიდან გაყალბებული იყო თვითონ პატაკი, რომელიც ორგვერდიანია და ცამეტ კაცზე არის დაწერილი. მოსამართლე როცა გადაწყვეტილების გამოსატანად გავიდა, ჩვენ პოლიციელებს ველაპარაკეთ და აღიარეს, რომ იტყუებიან. მიუხედავად ამისა, 2000-2000 ლარიანი ჯარიმა დაგვაკისრა მოსამართლემ გადასახდელად. ჩემს შემთხვევაში ძალიან გაუგებარია, არ დამიმტკიცდა, რაზეც იყო საუბარი, რადგან დაავიწყდათ, სამართალდარღვევის ოქმში ჩაეწერათ, რომ მონაწილეობას ვიღებდი პიკეტირებაში. ამიტომ საერთოდ დანაშაული არ მქონდა ჩადენილი და უბრალოდ მომისაჯეს 2000 ლარის გადახდა, ვინაიდან წინააღმდეგობას ვუწევდი თითქოს პოლიციას, რაც არ ყოფილა”,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ცნობისტვის, ზურაბ ჯაფარიძე გასული წლის 18 ნოემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს, სხვა პირებთან ერთად დააკავეს და იმავე დღეს, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.