რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურს დამდეგი ახალი წელი მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.
ვლადიმერ პუტინი დამდეგ 2020 წელს დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერებს ულოცავს.
აღსანიშნავია, რომ სიაში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ასევე უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ნახსენები არ არის.
ვლადიმერ პუტინმა დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბასადმი მილოცვაში აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპების საფუძველზე, რუსეთსა და დე ფაქტო აფხაზეთს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ სხვადასხვა სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა გამყარდება.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვისადმი მისალოც გზავნილში ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ ბოლო წლებში მრავალი პროექტი განხორციელდა, რომლებიც ხელს უწყობს სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. იგი იმედოვნებს, რომ მომავალი წლისთვის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა განმტკიცდება.
პუტინმა დამდეგი ახალი წელი მიულოცა სომხეთის პრეზიდენტსა და პრემიერს სერჟ სარქსიანსა და ნიკოლ ფაშინიანს, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, ამერიკის ლიდერს დონალდ ტრამპს, გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს, დიდი ბრიტანეთის დედოფალს ელისაბედ II-ს, საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს, ისრაელის პრემიერმინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს, სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს, კანადის პრემიერმინისტრი ჯასტინ ტრიუდოს და ჩინეთის ლიდერს სი ძინპინსა და სხვადასხვა პრეზიდენტს.