"პირველ რიგში, მუქარას იწყებდა მარიანა ჩოლოიანი, რომელიც უშუალოდ იყო ჩემი ძმის საქმით დაკავებული. ის იყო პირველი, რომელიც ჩემს ძმას ემუქრებოდა იმით, რომ მე შემექმნებოდა სასწავლებელში პრობლემები"
რამდენიმე დღის წინ გარდაცლილი 15 წლის ლუკა სირაძის ოჯახი დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციაში განვითარებულ მოვლენებზე ღიად ალაპარაკდა.
მედიასთან დღეს ლუკას ძმამ, ბექა სირაძემ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მოზარდის დაკითხვაზე თავიდანვე იყო აგრესიული ფონი და მის ძმას პირდაპირ ემუქრებოდა.
ბექა სირაძე ამბობს, რომ მის არასრულწლოვან ძმას კაპეზეთი ემუქრებოდნენ. ბექა სირაძის განცხადებით, ძალადობაში რამდენიმე ადამიანი იყო ჩართული.
„დაახლოებით, 4 საათი გრძელდებოდა დაკითხვა, რომ ვერ უმტკიცებდნენ, ლუკაც არ აღიარებდა, როგორც ვიცი, დაიძაბნენ. ჩემი ძმაც უკვე საკმაოდ ხმამაღალი ტონი პასუხობდა და ისიც მუქარას აგრძელდება. ამ დროს სცადა დედამ ჩემი ძმის დამშვიდება და ამ პერიოდში, როგორც ვიცი, იქ მჯდომი კიდევ ერთ-ერთი პოლიციელი ადგა და ჩემი ძმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, დედის თვალწინ აყენებდა შეურაცხყოფას.
2-3 წუთის შემდეგ, კაბინეტიდან მესამე პიროვნება გამოვიდა და ჩემს ძმას უთხრა, რომ მასთან შესულიყო. როდესაც გამოვიდა ჩემი ძმა იმ კაბინეტიდან ტიროდა, ითხოვა სასწრაფო დახმარება, თუმცა ამაზე გამომძიებელმა განუცხადა, რომ როცა ის ჩათვლიდა საჭიროდ, მაშინ გამოიძახებდა სასწრაფო დახმარებას. ოთახიდან გამოსვლიდან რაღაც პერიოდის შემდეგ, დაიწყო ამ ყველაფრის აღიარება. დედამ, რომ კითხა თუ რა მოხდა იმ კაბინეტში, უპასუხა რომ მას ე.წ. კაპეზეთი ემუქრებოდნენ.
ეუბნებოდნენ, რომ ლუკა ჩანდა კამერებში. დედამ ითხოვა, რომ კამერების ჩანაწერებს ნახავდა და თუ თავის შვილს ამოიცნობდა, ზარალის ანაზღაურებაზე პრობლემა არ იქნებოდა, თუმცა დედას უთხრეს, რომ ამის ჩვენების უფლება არ ჰქონდათ. შემდეგ ისევ გაგრძელდა ყვირილი, მუქარა. ეუბნებოდნენ, რომ აღიარე, თორემ შენს ძმას სასწავლებელში პრობლემებს შევუქმნითო. ემუქრებოდნენ: „დაგიჭერთ, შენნაირი აქ ათასი მოსულა, ჩაგაყუდებთ“ და მსგავს რაღაცებს ეუბნებოდნენ. პირველ რიგში, მუქარას იწყებდა მარიანა ჩოლოიანი, რომელიც უშუალოდ იყო ჩემი ძმის საქმით დაკავებული. ის იყო პირველი, რომელიც ჩემს ძმას ემუქრებოდა იმით, რომ მე შემექმნებოდა სასწავლებელში პრობლემები, ანუ დაკითხა როგორც კრიმინალი“, - განაცხადა ბექა სირაძემ.
სირაძე აღიარებს, რომ ლუკა პოლიციის განყოფილებაში მშობლის გარეშე 15-20 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.
"მეორე დღეს, თავიდან, როგორც ვიცი, თითქოს ისევ აპირებდა ეღიარებინა, რომ ის იყო, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი უარყო. ყვირილი, ჩხუბი გაგრძელდა, თუმცა ამის შემდეგ გამოუშვეს სახლში, ანუ რეალურად ვერ დაუმტკიცეს, ის იყო თუ არ იყო“, - განაცხადა ბექა სირაძემ.
ოჯახის მთავარი მოთხოვნა, დააკავონ პირები, რომლებიც ლუკას დაკითხვის პროცესში უშუალოდ მონაწილეობდნენ.
„ამ ეტაპზე ოჯახის მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ დააკავონ პირები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ პროცესში, ემუქრებოდნენ, გვერდზე გაიყვანეს თუ რაც იყო ანუ ის პირები, რომლებსაც უშუალოდ შეხება ჰქონდათ ლუკასთან...
ჩემი ოჯახის ინტერესი კონკრეტულად არის ის, რომ დაისაჯონ პოლიციელები, რომლებსაც უშუალო შეხება ჰქონდათ დაკითხვის პროცესთან, დანარჩენი, როგორც კანონი ითხოვს, იმის მიხედვით მოხდება“, - განაცხადა ლუკა სირაძის ძმამ.