თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, მასთან შეხვედრით უნდა დაინტერესდეს.
"ბიძინა ივანიშვილს მოვუყვები რეალურად რაც ხდება. ივანიშვილმა თქვა ასეთი რამ, რომ სახელმწიფო ვერ შედგება, თუ არ მოხდება საზოგადოებაში თვითორგანიზაცია, ამას ამბობს ადამიანი, რომელიც მართავს ქვეყანას და უზარმაზარი გავლენა აქვს ყველაფერზე. მიუხედავად ამისა, ის მიმართავს ხალხს და რაღაც დახმარებას სთხოვს. უბრალოდ, დარწმუნებული ვარ, რომ მასთან ეს მისული არ არის. ვფიქრობ, რომ თუ მას მიუვა ეს ინფორმაცია, ის დაინტერესებული უნდა იყოს, რომ მე შემხვდეს, რადგან რასაც ვამბობ, ეს ძალიან მალე დეტალურად გახმოვანდება", - აღნიშნა ერეკლე კუხიანიძემ.
შეგახსენებთ, ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიმართ კრიტიკული პოსტი დატოვა, რასაც მოქალაქეებისა და ოპოზიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. თბილისის საკრებულოში მას თანაგუნდელებმა უმრავლესობა და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დაატოვებინეს.
ოპოზიცია ითხოვს, რომ ერეკლე კუხიანიძემ თბილისის საკრებულოს დეპუტატის მანდატიც დატოვოს, რაზეც კუხიანიძე უარს აცხადებს.