ქართველი ბიზნესმენი ნიკოლოზ დავითაშვილი 7 დეკემბერს დაკრძალეს. ახალგაზრდა სავარაუდოდ, შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლია.
ნიკა დავითაშვილი კიევში საქმიანი ვიზიტით ჩავიდა და სასტუმრო "ჰილტონში" დაბინავდა. ოჯახის წევრები და ახლობლები მას ტელეფონზე ვერ უკავშირდებოდნენ, საქმეში სამართალდამცავები ჩაერთვნენ და 2 დეკემბერს მისი ცხედარი ჭაში ჩაგდებული იპოვეს. დავითაშვილი "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომანქანით მას მერე გაიტაცეს, რაც სასტუმროდან გავიდა. უკრაინელმა სამართალდამცავებმა მკვლელობაში ბრალდებულები - ორი ჩეჩენი და ორი რუსი მამაკაცი დააკავეს.
ბიზნესმენ ნიკოლოზ დავითაშვილის სახელი საქართველოში ერთ-ერთ გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს. საუბარია კონტრაბანდული სპირტის სკანდალზე, რის გამოც პროკურატურამ ქრთამის აღების მუხლით ბრალი წარუდგინა ფინანსური პოლიციის ყოფი უფროსს და თავდაცვის ექს-მინისტრს, დავით კეზერაშვილს.
გამოძიების ინფორმაციით, კეზერაშვილმა ქრთამი სწორედ ნიკოლოზ დავითაშვილისგან აიღო და საერთო ჯამში, უკანონო შემოსავლის სახით 12 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. პროკურატურის მაშინდელ განცხადებაში ვკითხულობთ:
„დავით კეზერაშვილმა პირადი სარგებელის მიღების მიზნით, თანხმობა განუცხადა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, ნიკოლოზ დავითაშვილს და იოსებ იმნაძეს, რათა გამოეყენებინა მისი პირადი სამსახურეობრივი მდგომარეობა და მფარველობა გაეწია აღნიშნული პირების უკანონო საქმიანობისთვის. კერძოდ, ნ.დავითაშვილმა და ი.იმნაძემ განიზრახეს დადგენილი ტექნოლოგიების უხეში დარღვევით - ყურძნის მასალასთან ეთილის ან სხვა სახის სპირტის შერევით და ტექნოლოგიური მანიპულაციებით ეწარმოებინათ ფალსიფიცირებული საკონიაკე სპირტი. ეთილის სპირტისაგან კონიაკის სპირტის მსგავსი სითხის დამზადებით მცირდება კონიაკისებური სპირტის თვითღირებულება და მნიშვნელოვნად იზრდებოდა მისი რაოდენობა.
განზრახვის სისრულეში მოსაყვანად აღნიშნულმა პირებმა დაარეგისტრირეს შპს „განთიადი და შპს „ნაფარეული. სახელმწიფო გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, მათ შეადგინეს დანაშაულებრივი სქემა, თუ როგორ უნდა შემოსულიყო ეთილის სპირტი შიდა ბაზარზე ისე, რომ არ მოქცეულიყო იმპორტის დაბეგვრის რეჟიმში.
აღნიშნულ პირებს და საქმიანობაში სჭირდებოდათ სახელმწიფო სტრუქტურათა მაღალჩინოსნების მხარდაჭერა, რომლებიც გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, მფარველობას გაუწევდნენ. ისინი დაუკავშირდნენ ფინანსური პოლიციის იმჟამინდელი უფროსის დავით კეზერაშვილის დის ქმარს, მეირი ჯანაშვილს, გაანდეს დანაშაულებრივი გეგმა და სთხოვეს შუამდგომლობა დავით კეზერაშვილთან. მ.ჯანაშვილი მოელაპარაკა დ. კეზერაშვილს, რომ მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით ხელი შეეწყო უკანონო საქმიანობისთვის. დ.კეზრაშვილმა, იმის ნაცვლად რომ მიეღო ზომები დანაშაულებრივი სქემის აღსაკვეთად, რაც მისი უშუალო მოვალეობა იყო, რადგან იმ პერიოდში იმყოფებოდა ფინანსური პოლიციის უფროსის თანამდებობაზე, დათანხმდა უკანონო ბიზნესის მფარველობას და ქრთამის აღებას.
დავით კეზერაშვილი იღებდა ვალდებულებას საბაჟო, საგადასახადო და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებზე თავისი ავტორიტეტით და გავლენით მოეხდინა ზემოქმედება.
ი. იმნაძემ და ნ. დავითაშვილმა თანხმობის მიღების შემდეგ, უკრაინულ სპირტის საწარმოს შეუკვეთეს 480 ტონა ეთილის სპირტი და დაიწყეს საქმიანობა“.
დავით კეზერაშვილი აღნიშნულ საქმეში სასამართლომ გაამართლა.