შეიტანა თუ არა ბზარი „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტმა პროპორციული არჩევნებისთვის გაერთიანებული ოპოზიციის სიმტკიცეში? ბურჯანაძს მოსკოვში ვიზიტის გამო, პარტიის „კანონი და სამართალი“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი ამ გაერთიანებას გაემიჯნა.
„ყველა თავისუფალია არჩევანში, ვინ სად წავა. ყველა თავის თავზე აგებს პასუხს, ქალბატონი ნინო რუსეთში ვიზიტზე აგებს პასუხს, მე ჩემსაზე და ქალბატონი თაკო ჩარკვიანი თავისაზე. სამართლიანი არჩევნებისათვის, ოპოზიციის ერთიანობა ისევ ძალაშია, ბურჯანაძის რუსეთში ვიზიტის გამო არავის უთქვამს უარი პროპორციული არჩევნებისთვის ბრძოლაზე“. - განაცხადა "2020NEWS"-თან „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუგაშვილმა.
"არ ვიცოდი, რომ მიდიოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებს, და დროებით გაერთიანდა ეს იმას არ გულისხმობს, რომ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები და პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა " - უთხრა "2020NEჭშ"-ს „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ.
ჯაფარიძემ სააგენტოსთან საუბარში აღნიშნა, რომ ბურჯანაძის ამ გეგმების შესახებ არაფერი იცოდა. არადა, "2020NEWS"-თან საუბარში ბურჯანაძის პარტიის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები ამ ვიზიტის თაობაზე საქმის კურსში იყვნენ.
ბურჯანაძის ვიზიტის შესახებ ცნობილი ყოფილა დავით უსუფაშვილისთვის, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ ჰქონდა ინფორმაცია ამ ვიზიტის თაობაზე.
"ვიცოდი, რომ ქალბატონი ნინოს,დიდი ხნის წინ ჰქონდა ეს ვიზიტი მოსკოვში დაგეგმილი და რუსეთში მიემგზავრებოდა, ჩემი პოზიცია ისაა, რაც დღემდე იყო, რომ არა მგონია რუსეთში ვიზიტებით წყდებოდეს საქართველოსთვის სასიკეთო საქმეები, მაგრამ, როგორც ადრე დაბრძანდებოდა ქალბატონი ნინო მოსკოვში, ასევე გადაწყვიტა დღესაც წასვლა,ამაში რამე არაჩვეულებრივსა და საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ“, - განაცხადა "2020NEWS"-თან უსუფაშვილმა.