საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის ვაჟა სირაძის განცხადებით, რომელიც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებს თავისუფლად შეუძლიათ შესვლა.
"პარლამენტში ნებისმიერ დეპუტატს თავისუფლად შეუძლია შევიდეს და საკანონმდებლო ორგანო ფუნქციონირებს თავისუფლად. პოლიცია ადგილზე მობილიზებულია იმისთვის, რომ დაიცვას წესრიგი. პოლიციის მიერ მოხდა შესასვლელების გასუფთავება. პოლიცია ადგილზე მობილიზებულია იმისთვის, რომ საზოგადოებრივი წესრიგი იყოს დაცული",- განაცხადა ვაჟა სირაძემ.
ამ წუთებში, პარლამენტში დეპუტატების შესვლა გართულებულია, მათ აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.
ცნობისთვის, პარლამენტის შენობის მიმდებარედ, აქციის დასაშლელად გამთენიისას სპეცრაზმი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. პარლამენტის შენობის შესასვლელებთან შსს-ს სხვადასხვა დანაყოფები რჩებიან.
აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები და აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია - ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული სისტემით.