"სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება დაუშვებელია, წინაააღმდეგ შემთხვევაში იქნება ქაოტური სიტუაცია, რასაც არ დაუშვებს ხელისუფლება",- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ყველა მხარემ საკუთარი პასუხისმგებლობა კარგად უნდა გაიაზროს.
"ყველას უნდა ჰქონდეს ერთი ინტერესი და ეს არის სახელმწიფო ინტერესი, პირად ამბიციებზე უნდა ვთქვათ უარი. გაცხადებულია, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლისთვის არ შეიცვლება და ის იქნება შერეული სისტემით. ამიტომ, ყველამ უნდა ავიყვანოთ საკუთარი პასუხისმგებლობა მაღალ რანგში. გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს შენარჩუნებული, მაგრამ ასევე, შენარჩუნებული უნდა იყოს სამართლებრივი წესრიგი და თუ ეს ირღვევა, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსტიტუტებს ვალდებულება აქვთ წესრიგის დამყარების. სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება დაუშვებელია, წინაააღმდეგ შემთხვევაში იქნება ქაოტური სიტუაცია, რასაც არ დაუშვებს ხელისუფლება. ყველამ თავისი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნობს საკუთარ ქმედებებზე",- განაცხადა ხუნდაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის შენობის მიმდებარედ, აქციის დასაშლელად გამთენიისას სპეცრაზმი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. პარლამენტის შენობის შესასვლელებთან შსს-ს სხვადასხვა დანაყოფები რჩებიან.
აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები და აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია - ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული სისტემით.