პარლამეტის დეპუტატი უმრავლესობიდან მერაბ ქვარაია ბიუროს სხდომაზე დასასწრებად პარლამენტში მივიდა. როგორც მან განაცხადა, ბიუროს სხდომა სხვა სივრცეში ვერ ჩატარდება, რადგან ეს კანონის დარღვევა იქნება.
მისი განცხადებით, ბიუჯეტის განხილვა არის უმნიშვნელოვანესი პროცესი, რომელიც აუცილებლად პარლამენტში უნდა შედგეს.
"აქ საუბარი არ არის კანონის ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ. ბიუჯეტი არის ქვეყნის უმთავრესი ფინანსური დოკუმენტი, გარდა ამისა პარლამენტი არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, ბუნებრივია, ჩვენ ვერ დავუშვებთ, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს პარალიზებას",- განაცხადა მერაბ ქვარაიამ.
მისი თქმით, კონსტიტუციით გამორიცხულია, რომ ბიუროს სდომა ჩატარდეს სხვა სივრცეში.
ცნობისთვის, პარლამენტის შენობის მიმდებარედ, აქციის დასაშლელად გამთენიისას სპეცრაზმი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. პარლამენტის შენობის შესასვლელებთან შსს-ს სხვადასხვა დანაყოფები რჩებიან.
აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტის შენობის წინ არიან შეკრებილები და აცხადებენ, რომ დაშლას არ აპირებენ. მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია - ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, პროპორციული სისტემით.