"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა მასშტაბური აქცია-მსვლელობისას განაცხადა, რომ ივანიშვილმა ქართველ ხალხს არანაირი სამართლებრივი გზა არ დაუტოვა ქუჩის პროტესტის გარდა.
"ხელისუფლება რომ არაადეკვატურია, დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა იმ განცხადებით, რომელიც გააკეთებინეს კახი კალაძეს. პრაქტიკულად, ხელისუფლებამ ყველა გზა მოიჭრა ხალხთან სალაპარაკოდ. განაცხადა, რომ საერთოდ არ აპირებს არანაირი ცვლილებების განხილვას, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება. ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი არა "ნაციონალურ მოძრაობას", "ევროპულ საქართველოს", "ლელოს" ან რომელიმე კონკრეტულ პარტიას დაუპირისპირდა, არამედ ამ ხალხს დაუპირისპირდა და უთხრა, რომ მე ამ ქვეყანაში რასაც და როგორც მინდა ისე გავაკეთებ. ახლა არჩევანი ჩვენზეა, რა პასუხს გავცემთ. დღეს აქციაც იქნება, პიკეტირებაც იქნება. დაგვშლიან? ხვალ კიდევ მოვალთ. თუ იმ სურათის ნახვა უნდა ივანიშვილს, რომ მთელმა მსოფლიომ ნახოს, ყოველდღიურად როგორ არბევენ მშვიდობიან მომიტინგეებს თბილისის ცენტრში, კი ბატონო, იქნება ეს სურათი" - განაცხადა უდუმაშვილმა.