ადიგენის სოფელ ვარხანში ხანძარს 54 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
ცეცხლი საცხოვრებელ სახლს მოედო, მეპატრონე კი მაშველებმა ხანძრის ჩაქრობის შემდეგ, დამწვარ შენობაში გარდაცვლილი ნახეს. მამაკაცი სახლში მარტო ცხოვრობდა. სოფელში ვარაუდობენ, რომ ნასვამს ჩაეძინა და ხანძარი ვერ შენიშნა.
"ხშირად სვამდა, სავარაუდოდ, ახლაც ნასვამი იყო, ალბათ ჩაეძინა და სიგარეტით გაჩნდა ცეცხლი. შვილი ჰყავს, მაგრამ აბასთუმანში ცხოვრობს, სოფელში მარტო იყო, ერთი ოთახი ჰქონდა, შუქიც არ გქონდა შეყვანილი. ადრეც დაეწვა სახლი ამ კაცს", - ამბობენ სოფელში.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც გაუფრთხილებლობით გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.