ახალციხის სოფელ საძელში ბუნებრივი აირის ბალონი აფეთქდა. შემთხვევის შედეგად გ.ჩ.-მ სხეულის დაზიანება მიიღო. 80 წლამდე მამაკაცს სახე და ხელები აქვს დამწვარი.
აფეთქების შედეგად სახლი და საყოფაცხოვრებო ნივთები არ დაზიანებულა.
"სახლში მარტო ცხოვრობს. აფეთქების შემდეგ დაშავდა და ახლა შვილთან არის, რომელიც მეზობელ სოფელშია გათხოვილი, მკურნალობს", - ამბობენ საძელში.
დაშავებულს სამედიცინო დახმარება მეორე დღეს გაეწია, როცა სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს.
"სასწრაფო დახმარების გამოძახება შემთხვევის მეორე დღეს მოხდა. პაციენტს თერმული დამწვრობა აღენიშნებოდა. ამიტომ ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა", - აცხადებენ სასწრაფო დახმარების სამსახურში.
დაშავებულ მამაკაცი ბინაზე უკვე გაეწერა და მკურნალობას სახლში აგრძელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გ.ჩ.-ს ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო. უწყება ექსპერტიზის დასკვნას ელის რათა დადგინდეს, რამ გამოიწვია აფეთქება.