„ქართული ოცნების“ ოპოზიციის დადანაშაულებით, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება შეცდომა იყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ, მეთიუ ბრაიზამ განუცხადა.
ბრაიზა გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდებას, რომელიც შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს, და უპასუხა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, თუ ვინ არის აღნიშნულზე პასუხისმგებელი.
„პარლამენტში კენჭისყრის დათვლამ უნდა განსაზღვროს, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი საქართველოში დემოკრატიის წინსვლის ამ შეფერხებისთვის. „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ოპოზიციის დადანაშაულებით, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილმა აღიარა, რომ ეს შეცდომა იყო. აქედან გამომდინარე, ახლა „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანი მომენტია, დემოკრატიული არჩევნების გზაზე, სერიოზული მოლაპარაკებები დაიწყოს ოპოზიციასთან, რაც რადიკალიზაციის ნაცვლად, შესაძლებელს გახდის საქართველოს პოლიტიკური კლიმატის სტაბილიზებას“, - განუცხადა ბრაიზამ „ინტერპრესნიუსს“.