გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქვეშის განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქვეშში მცხოვრები 28 წლის ზაქრო ბუთხიზი დააკავეს.
დაკავების დეტალები უცნობია, თუმცა ოჯახის წევრების განცხადებით, ბუთხუზი სოფლის განაპირას მდებარე სახლში იმყოფებოდა. აღნიშნული მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ზემო არცევს ესაზღვრება.
„ჩემი შვილი ბაღში იმყოფებოდა, საიდანაც გაუჩინარდა. ეს ბაღი სოფლის განაპირასაა და ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვერბა. ოჯახს ამ დრომდე არავინ დაკავშირებია, თუმცა ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჩემი შვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ცხინვალშია გადაყვანილი“, - განაცხადა დაკავებულის მამამ გოგიტა ბუთხუზმა.
გორის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ტარიელ ვათიაშვილის თქმით, ბუთხუზის დაკავების დეტალები უცნობია.
„მხოლოდ ის ინფორმაცია გვაქვს, რომ 28 წლის მამაკაცი საოკუპაციო ხაზთან დააკავეს. თვითმხილველი არ არის და შესაბამისად, დეტალებზე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით. უკვე საქმის კურსშია ყველა შესაბამისი უწყება და იმედი გვაქვს, რომ დაკავებულის გათავისუფლება მალე მოხდება“, - განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“ ტარიელ ვათიაშვილმა.
ზაქრო ბუთხუზი 4 წლის წინაც იყო დაკავებული და დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა მაშინ ე.წ. საზღვის უკანონოდ გადაკვეთაში დასდეს ბრალი.