თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უახლოეს მომავალში ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალურ ვიზიტს გეგმავს.
ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ კომენტარში აღნიშნა.
"კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას. უახლოეს მომავალში იგეგმება ჩემი ვიზიტი აშშ-ში, სადაც ხელი მოეწერება და განახლდება ჩვენს უწყებებს შორის თავდაცვის სფეროში მრავალწლიანი თანამშრომლობის ჩარჩოს ხელშეკრულება, რაც საშუალებას მოგვცემს კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯები გადავდგათ თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტებით განვითარებისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით",- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.