ადრე მეცნიერები ფიქრობდნენ, რომ გონებრივი აქტივობა დადებითად მოქმედებდა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. თუმცა ახალმა კვლევამ, რომელიც ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს, საპირისპირო შედეგი აჩვენა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Focus-ი ავრცელებს. კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.
შედეგების მიხედვით, ადამიანი, რომელიც ბევრს ფიქრობს, სიცოცხლის ხანგრძლივობა უმცირდება. "მაშინ, როცა ძლიერი ნერვული აქტივობა ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას, სუსტი ნეირონული მოქმედება სავარაუდოდ, ხელს უწყობს სიცოცხლის ხანგრძლივობას", - წერია კვლევაში. მეცნიერების აზრით, ეს დაკავშირებულია ცილასთან, რომელსაც REST-ი ჰქვია.
მეცნიერებმა შეისწავლეს 60-დან 100 წლამდე, გარდაცვლილი ადამიანების ტვინები და დაადგინეს: ტვინში ცილა REST-ის დაბალი კონცენტრაცია ნაადრევ სიკვდილს იწვევს. თუ ეს ცილა დიდი კონცენტრაციით არის, სიცოცხლის ხანგრძლივობაც იზრდება.
ადამიანებს, რომლებმაც 100 წლამდე იცოცხლეს, ტვინში გაცილებით მეტი რაოდენობით ჰქონდათ ცილა REST-ი, ვიდრე, მათ ვინც 60-70 წელი იცოცხლა.
ამ შედეგებზე დაყრდნობით, მეცნიერები უკვე ფიქრობენ, არის თუ არა შესაძლებელი ისეთ მედიკამენტის შექმნა, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებაში დაეხმარება ორგანიზმს.