ვარკეთილის მე-3 მიკრორაიონში, 322-ე კორპუსის მე-8 სადარბაზოდან, საიდანაც გუშინ მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, მაცხოვრებლებს ბინებიდან საკუთარი ნივთები გამოაქვთ. როგორც ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ანანო დავითაშვილმა განაცხადა, მას უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მხოლოდ 10 წუთი მიეცა იმისათვის, რომ სახლიდან აუცილებელი ნივთები გამოეტანა.
"მეოთხე სართულზე ვცხოვრობ. მხოლოდ 10 წუთი მოგვცეს იმისთვის, რომ აუცილებელი ნივთები გამოგვეტანა: ბავშვის წამლები, ფაფები და მსგავსი რაღაცები და მერე ალბათ, კიდე შევძლებთ შესვლას", - განაცხადა ანანო დავითაშვილმა. მისივე თქმით, დაზიანებული კიბეები კარგად არის გამაგრებული.
"დაზიანებები შესამჩნევია. კიბეები კარგად არის გამაგრებული. ჩვენი მხარე შედარებით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მეორე მხარე", - განაცხადა დავითაშვილმა. მისივე თქმით, ზუსტ დროს, ჯერჯერობით ვერ ეუბნებიან, თუ როდის შეძლებენ სახლში დაბრუნებას.