მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერთან, ირმა ინაშვილთან შეხვედრას გეგმავს.
"ამ და სხვა საერთაშორისო კონფერენციებს, რომელიც უკავშირდება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, გეგმებს, ამბიციებს, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით.
ოფიციალური პირები, რომლებიც ევროკავშირის და აშშ-ს მხრიდან მონაწილეობენ მაღალი დონის კონფერენციებში, მხარს უჭერენ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მხარს უჭერენ საქართველოს მომავალს, რომელიც დემოკრატიის გაძლიერებაზე, ეკონომიკურ შესაძლებლობებზე და ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზეა ორიენტირებული.
მიუხედავად იმისა, თუ რა კამათი რა დისკუსიები შეიძლება მოხდეს ასეთ კონფერენციებზე, ეს ვერანაირად ვერ გახდება და ვერანაირად ვერ გამოიწვევს კითხვის ნიშნებს იმ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, საქართველოს ინტერესების მიმართ. იმიტომ, რომ ეს თანამშრომლობა არსებობს 25 წელზე მეტია.
ეს თანამშრომლობა დამოკიდებული არ არის კონკრეტულ პიროვნებებზე, ეს არის ხალხებს შორის მეგობრობა, მთავრობებს შორის თანამშრომლობა და ურთიერთობები. ამიტომ, რა თქმა უნდა, თქვენ, როგორც ოპოზიციას, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, თავისი პოზიცია გამოხატოს, მაგრამ ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის თხოვნა იქნება, რომ ზოგად შეფასებებს ნუ გავაკეთებთ ასეთი საკითხების განხილვის შემდეგ. ირმა ინაშვილს შევხვდები და გავესაუბრები ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.