ეს რაღაც იაფფასიანი ხრიკი იყო, რაც გახარიამ ელჩებზე თქვა - მთავარი პრობლემა გამართლების კონტექსტი იყო, რომ რას ამბობთ, მარტო მე კი არა, ელჩებიც იქ იყვნენო, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემაში "7ვს1" "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
კითხვაზე, ხომ არ შეიძლება, საერთაშორისო ასპარეზზე დამაზიანებელი იყოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადება, რომლის თანახმადაც, 20 ივნისის ღამეს პარლამენტში მასთან ერთად სხვადასხვა ქვეყნის ელჩები იმყოფებოდნენ, დადებითი პასუხი გასცა.
"რა თქმა უნდა, არის. გერმანიის ელჩი იქ იმყოფებოდა და კომენტარიც იქვე გააკეთა, შემდეგ ჩვენც გვქონდა საშუალება, შევხვედროდით დიპლომატიურ კორპუსს და ეს ვიცოდით წინასწარ. სხვა ელჩებიდან არავინ ყოფილა და არც ვიცოდით მათ შესახებ. ამიტომ, ბუნებრივია, ეს რაღაც იაფფასიანი ხრიკი იყო, რომ ელჩები თქვა. მთავარი პრობლემა ეს კი არ არის, მთავარი პრობლემა ის არის, თუ რა კონტექსტში თქვა. კონტექსტი იყო გამართლების, რომ რას ამბობთ, კაცო, მარტო მე კი არა, ელჩებიც იქ იყვნენო. ანუ იგულისხმებოდა, რომ რაღაც ლეგიტიმაცია შესძინეს ელჩებმა. ეს არის პირველ რიგში შეურაცხყოფა, მათ შორის გერმანიის ელჩის, რომ მისი ინსტრუმენტალიზაცია მოახდინა, ასევე ზოგადად დიპლომატიური კორპუსის და ქვეყნის. რა შუაში არიან ელჩები ასეთი გადაწყვეტილებების მიღების დროს? ელჩებმა შეიძლება რაღაცაში გაგაკრიტიკონ მერე, მაგრამ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, გუშინაც, დღესაც და ხვალაც. განსხვავება რუსეთსა და თავისუფალ სამყაროს შორის ის არის, რომ თავისუფალი სამყარო არ ერევა გადაწყვეტილების მიღებაში. შეიძლება, გაგაკრიტიკონ, შეიძლება, გითხრან, რომ ჩვენი თამაშის წესები ასეთია, თუ გინდა, რომ ჩვენს კლუბში იყოო, მაგრამ შენ ახლა ეს უნდა გააკეთო, ასე არ არის. სხვათა შორის, ეს დემონიზაციასაც უწყობს ხელს", - აღნიშნა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა.
მანვე განაცხადა, რომ მკვიდრდება დასავლური სამყაროს დემონიზაციის სტანდარტი და სწორედ ეს აწყობს რუსულ პროპაგანდას.
"ამკვიდრებენ ამ სტანდარტს და სხვათა შორის, პირველად არ იქცევიან ასე. ბევრ არაპოპულარულ კანონზე იმას კი არ იძახიან და კი არ იწყებენ მტკიცებას, რატომ არის ეს სწორი, არამედ, რა ვქნათ ახლა, ევროკავშირმა გვთხოვაო. პირდაპირ ხელის შეხოცვაა და რუსულ პროპაგანდას მეტი კი არ უნდა, თითქოს აძალებენ ქართველებს რაღაცებს, რაც არის ტყუილი, რადგან ჩვენ ავირჩიეთ ის ხალხი. ის არასდროს გაძალებს ასეთ რამეს, ის გეუბნება, რომ ამ სივრცის ნაწილი თუ გინდა იყო, კი ბატონო, თუ არ გინდა, ეს შენი არჩევანია. ოღონდ, ქართველმა ხალხმა აირჩია, რომ იყოს თავისუფალი სივრცის ნაწილი", - განაცხადა ბოკერიამ.