პუტინის განცხადება, სადაც ის სანქციების გაუქმებაზე ქართველი ხალხის პატივისცემის გამო საუბრობს, ერთგვარი პოლიტიკური მანევრია, რომლითაც მან ასეთ გამწვავებულ სიტუაციაში ქართული საზოგადოების გული მოიგო, - ამის შესახებ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, რითაც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება შეაფასა.
"კრემლში გადასარევად იციან, რომ აქ დაპირისპირებაა ორ პოლიტიკურ ბანაკს შორის და ისინი თავიანთ თამაშს თამაშობენ. მათ უნდათ, რომ თავიანთი კეთილგანწყობა დაანახონ ქართველ ხალხს, მაგრამ პოლიტიკურ შემადგენელს ისინი სხვანაირად მიხედავენ. სანქციების რეჟიმში ყოფნა საბოლოო ჯამში რუსეთისთვისაც არ არის მომგებიანი, მითუმეტეს ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორ ქვეყანასთან იმ თვალსაზრისით, რომ მათ გარკვეული მანევრისთვის ამერიკასთან ურთიერთობის კონტექსტში დიპლომატიური კორიდორის ღიად დატოვება სჭირდებათ," - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
"საჭირო იყო ეს პოლიტიკური მანევრი, რომ გაბრაზებულმა პუტინმა ბოლომდე არ გაწირა ქართველი ხალხი - დაახლოებით ასეთი გზავნილია", - განაცხადა არეშიძემ.
ექსპერტმა კომენტარი გააკეთა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესაძლო ესკალაციასთან დაკავშირებითაც.
"დღეს გეოპოლიტიკური კონტექსტი ისეთია, რომ ეჭვი მეპარება, დასავლეთის პარტნიორთან ურთიერთობის ესკალაცია ხელს აძლევდეს რუსეთს იმიტომ, რომ რუსეთი შორს იყურება. ამერიკისა და ირანის დაპირისპირება ჯერ არ არის იმ ფაზაში, რომ საჭირო გახდეს რუსეთის აგრესიული და აქტიური მოქმედებები. აქედან გამომდინარე, რუსეთი თავშეკავებას არჩევს, თან მათ იციან ვინ არის მათთვის შეურაცხმყოფელი განცხადებების ავტორი. მე არ გამოვრიცხავ, რომ რუსეთის მხრიდან რბილი პოლიტიკის გატარებასთან დაკავშირებული რჩევები მათ ოკეანის გაღმიდანაც მიეღოთ," - აღნიშნავს ექსპერტი მამუკა არეშიძე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის ნიშნად და საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის შენარჩუნების მიზნით, არ ღირს სანქციების შემოღება ამ ქვეყნის წინააღმდეგ. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ანტირუსულ განწყობებს საქართველოში აქეზებს ხალხი, რომლებმაც არ იციან ისტორია და საბოლოოდ ვნებენ ქვეყანას.
"რაც შეეხება სხვადასხვა სახის სანქციებს საქართველოს მიმართ, მე არ გავაკეთებდი ამას სწორედ ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამო. სრულფასოვანი ურთიერთობების აღდგენისთვის მე არ გავაკეთებდი ისეთს არაფერს, რაც გაართულებდა ჩვენს ურთიერთობებს", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, თუ როდის ჩამოყალიბდება სასურსათო ემბარგოსა და სხვა სანქციების გარშემო, რომლებიც შეიძლება შემოღებულ იქნას საქართველოს წინააღმდეგ.