"ვისაუბრეთ შემოჭრის მცდელობაზე და იმ ლეგიტიმურ ძალაზე, რაც პოლიციამ გამოიყენა" -ამის შესახებ გია ვოლსკიმ საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თქმით, "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.
"ყველამ დაუჭირა მხარი იმას, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიებას, რომელიც მაქსიმალური გამჭვირვალობით მიმდინარეობს, რა შედეგს მოიტანს. აქედან გამომდინარე, როგორც გახარიამ თქვა, თუკი ეს პასუხისმგებლობა იმ დონეზე ამოვა, რომელზეც იგი საუბრობდა, ის შესაბამისი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს. ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, პროპაგანდისტული შემოტევა მიმდინარეობს ძირითადად იმ მიმართულებით, რომ თითქოს არაფერი ხდებოდა და შეჯახების პროვოკაცია არ არსებობდა, რაც არასწორია და პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს," - განაცხადა გია ვოლსკიმ.