პრემიერს ვერ და არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რა ხდებოდა იმ კონკრეტულ მომენტში, კონკრეტული დაპირისპირების წერტილებში, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმადაც, აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოყენებული არ იქნებოდა, რადგან ეს "ქართული ოცნების" ხელწერა არ არის.
როგორც გიორგი გახარიამ განმარტა, აღნიშნული მეთოდების გამოყენება მათი ხელწერა არ არის.
"პრემიერს ვერ და არ შეიძლებოდა სცოდნოდა, რა ხდებოდა იმ კონკრეტულ მომენტში, კონკრეტული დაპირისპირების წერტილებში. მას, რა თქმა უნდა, არ ჰქონდა ასეთი სურვილი და რა თქმა უნდა, ეს არ არის ხელწერა, მაგრამ, როდესაც სამართალდამცავ სისტემაზე და კონკრეტულ ადამიანებზე შტურმის სახით, მათ სიცოცხლეს აყენებენ საფრთხის ქვეშ, მათ აქვთ შესაბამისი ინსტრუქციები და ვალდებულებაა, დაიცვან როგორც თავისი, ასევე კოლეგისა და მოქალაქის სიცოცხლე", - განაცხადა შს მინისტრმა.
ამასთან, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" ხელწერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვაა. "ჩვენი ხელწერა არის შტურმის და შეტევის დროს სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვა. იქ თუ სადმე რაღაცას გადავაჭარბეთ და გადავამეტეთ, ჩვენი ხელწერა უნდა იყოს ამაზე სრული პასუხისმგებლობის აღება და პასუხისგება. სხვანაირად ჩვენ სამართლებრივ და ჯანსაღ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. სხვანაირად, ჩვენ ყოველ ისტორიულ პერიოდში ვიქნებით ძალადობრივი მეთოდებით ხელისუფლების ცვლილების მონობაში და ტყვეობაში. ეს არ მოგვცემს არანაირ საშუალებას იმისთვის, რომ გავაგრძელოთ ჩვენი დემოკრატიული განვითარება. ეს არის სწორედ ის პასუხისმგებლობა, რომელზეც ვსაუბრობ. ეს ის პასუხისმგებლობაა, რომლის პირობებშიც ჯალათს თუ სისხლისმსმელს დამიძახებენ, არანაირი მნიშვნელობა ჩემთვის არ აქვს. მინდა ამაში დაგარწმუნოთ, ისევე როგორც არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ამ სავარძელში ვიჯდები თუ არა."- აღნიშნა გიორგი გახარიამ.
ამასთან, გიორგი გახარიას განმარტებით მათი მიზანია ძალადობრივი თავდასხმებით არ მოხდეს ხელისუფლების ცვლილების მცდელობა, რადგან ეს დემოკრატიული განვითარებისთვის შედეგის მომტანი არ იქნება.
"დღეს მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში არ მოხდეს ძალადობრივი თავდასხმებით, შტურმებით და პარლამენტის სხდომათა დარბაზის დაკავებით ხელისუფლების თუნდაც ცვლილების მცდელობა. ეს ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს. იმიტომ, რომ სხვანაირად ვიქნებით აი, ამ მოჯადოებულ წრეში, ერთი პერიოდიდან მერე მეორე, მერე იქ კიდევ ძალადობრივი ცვლილება, მესამე და ასე შემდგომ. ასე ჩვენი დემოკრატიული განვითარება შედეგის მომტანი ვერ იქნება. სამწუხაროდ, ეს ფაქტია და სამართალდამცავი სისტემა უნდა იყოს მზად არა იმ შეცდომებით, როგორიც დღეს მოხდა, არამედ უფრო გამართულად. მოქალაქის ჯანმრთელობაზე კიდევ უფრო ზრუნვის მაღალი ხარისხით, მსგავსი მეთოდებით ხელისუფლების ცვლილების საშუალება არავის მისცეს, რომ არავის არც გაუჩნდეს სურვილი, რომ ასეთი ნაბიჯები გადადგას. ეს არის სახელმწიფო და ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტები. თუ ჩვენ გვინდა, რომ გვერქვას სახელმწიფო და თუ ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებმა, ისევე როგორც მოქალაქეებმა, დაცულად იგრძნონ თავი და განვითარდნენ. ეს არის მთავრობის და სამართალდამცავი სისტემის პასუხისმგებლობა ისევე, როგორც ტვირთია ჯალათი, სისხლისმელი და მსგავსი რამ. რა ვქნათ...", - განაცხადა გახარიამ.